Friday, April 9, 2010


პრაღა

აქ ისე ვიწრო ქუჩებია,
სულ ადვილია
ერთი ფანჯრიდან მეორისკენ ხელის გაწვდენა.
ქვაფნილია დაგებული,
ისეთი მწყობრი,
და თან სამწყებად.
ფეხისწვერებზე მიუყვები ქუჩას და მერე
სადმე მოხუცი ჩეხი მედუქნის
ლუდსაც გასინჯავ.
მერე
ირევა რატუშაზე ძველი საათი
მერე მარტო ხარ ,
ისე მარტო,
ფიქრობ,
არავინ შემორჩენია ამ ძველ ქალაქს
თითქოს სრულებით.
და ეძებ მტრედებს
იქვე ხიდთან ,
ფიქრობ:რომელი უფრო ახლოა,
ვლტავა თუ მტკვარი?
ხვდები, რომ გინდა ენატრებოდე მძინარე ქალაქს,
რომელიც თვითონ მიატოვე
და მერე კარი
მოგონებებსაც ხელაღებით მიუჯახუნე.
დილით კი ისევ
ხელში ყავის ჭიქით დადიხარ
და მშვიდი სახით
ტკეპნი ქვაფენილს
და ეს ქუჩებიც ისე ვიწროა,
როგორც შორეთში დარჩენილი შენი ოთახი,
რომელშიც დედამ უშენობა გამოიგლოვა.
და ისევ ეძებ კარლის ბაღში
ძილის წინ მტრედებს
და ისევ ფიქრობ ,
აქ ისე ახლო დგანან სახლები
სულ ადვილია
ერთ ფანჯრიდან მეორისკენ ხელის გაწვდენა.

1 comment:

  1. მარი (კატოო), სადა ხარ? ჩვენ ხომ სულ დაგვეკარგე და დაგვეკარგე და... მაგ ათას ოქროსკოშკიან ქალაქში ხარ თუ? :*

    ReplyDelete