Thursday, March 4, 2010

წითელი.დედა.სოხუმი.


თავიდან რა იყო აღარც კი მახსოვს.
ზღვასაც ისე იშვითად გავხედავდი,
რომ არსებობდა სულ არ მახსოვდა.
ვიჯექი ჩემთვის, ფეიხოას ხეებთან ახლოს
და მწიფე ნაყოფს, სევდიანი თვალებით ვჭამდი.
დედა ამბობდა, რომ ფორთოხლებს სულ სხვა ფერი აქვთ
და ჩვენი აფხაზი მეზობელიც ,
რომელმაც მერე, გვამებით სავსე მანქანებით გამოგვაპარა,
-უდასტურებდა.
გზადაგზა კი დაცხრილული ალვის ხეები მიგვაცილებდნენ.
რა ტკივილი უნდა მეგრძნო,
როცა აქამდე არ ვიცოდი როგორი იყო?..
სხვის ქალაქში კი, როცა დედა იხსენებს ხოლმე,
რომ ფორთოხლებს სულ სხვა ფერი აქვთ,
მე ოთახიდან გავდივარ.
და ვცდილობ წარმოვიდგინო ქუჩა,
წითელ სახურავიანი სახლები,
ჩვენი აფხაზი მეზობელი,
რომელიც მერე ჩვენს სახლში გადასახლდა,
შვილებთან ერთად.
ძალიან ვცდილობ,
მაგრამ ვეღარაფერს ვეღარ ვიხსენებ.

No comments:

Post a Comment