Sunday, September 27, 2009

გავაღე კარი.
გაშეშებულ ოთახის ჰაერს
და მტვერდადებულ
ანტიკვარულ, გადაღლილ ავეჯს
გაღიმებული ვუყურებ,
ვფიქრობ,
რომ ეს ნივთები
ჩემს სულშიაც ისე შეგუბდა
და დრო, რომელიც ამ ოთახში ასე ჩავკეტე,
ღრიჭოებიდან თურმე ვეღარ გამოეტია,
ვერც ძველ საკეტებს
გამოექცა
და ახლა ჩემთან
ზის იმ ოთახში,
სადაც ადრე გიწერდი ლექსებს,
სულში მიყურებს,
ჩემში ეძებს იმ პატარა ბავშვს,
სიბნელეს რომ ასე უფრთხოდა,
ზოგჯერ უცხოსთან
ლაპარაკი რომ არ შეეძლო
და ქუხილისას შუშაბანდებს რომ გაურბოდა...
მიყურებს. ვერ მცნობს,
მე ხომ ახლა სხვა თვალები მაქვს
და დილაობით გაღვიძება უფრო მაშინებს,
ვიდრე სიბნელე დაძინებისას,
უკვე მამშვიდებს ის ქუხილიც-
უკვე დიდი ვარ...
ის კი ჯიუტად ჩემს ფოტოებს
ცხვირ წინ მილაგებს...
ეს პერანგი თურმე ჩემია...
სასცილოა,
ჩრჩილის მტრობას გადარჩენია,
თუმცა ოცდაორს ითვლის წლებს და
აღარ ჩერდება...

1 comment: